Story of My Life

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის

ცხოვრებაში ბევრი ჩვენგანი ცდილობს იყოჩაღოს, რაღაცას მიაღწიოს, ზოგისთვის მაგალითი იყოს, ზოგისთვის კი – აღფრთოვანების ობიექტი. არ შედრკეს. არ შეშინდეს. სხვების თვალწინ არ დაეცეს და ფარხმალი არ დაყაროს. არ გააცრუოს ოჯახის, საზოგადოების იმედები. მოჭრილი თარგით იხელმძღვანელოს: ისწავლოს, იმუშაოს, ოჯახი შექმნას, შვილები გაზარდოს და ბოლოს, წესისამებრ – ყოჩაღადვე მიიცვალოს. ეს მოჭრილი თარგი, რომელსაც აგერ უკვე რა ხანია საზოგადოება თვალებახვეული ირგებს თავის ტანზე, გულზე, სულზე და საკუთარ მეზე, განუწყვეტლად ბრუნავს და ინკუბატორიდან გამოჩეკილი წიწილებივით ერთნაირ ადამიანებს ჩეკავს. განა ცუდია იყო ბრბოს ნაწილი? ცუდია სწავლა, ოჯახი , შვილები? არა, მაგრამ ეს თარგი ყველასთვის არაა! ეს თარგი არც დოპლერისთვისაა.

“დოპლერი” თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის, ერლენდ ლუს ნაწარმოებია. ის საზოგადოებისგან გაქცეული მამაკაცის ცხოვრებას აღწერს ველოსიპეტიდან ჩამოვარდნის შემდეგ. მამაკაცის, რომელიც ყოჩაღად უძღვებოდა თავის ცხოვრებას, ჰყავდა შვილები და მეუღლე, ჰქონდა სახლი, კარგი სამსახური, კარგი შემოსავალი. თითქოს ვიღაცის მიერ დადგენილი წესით ათენებდა და აღამებდა კიდეც იქამდე, სანამ მამა არ გარდაეცვალა და არ გაიაზრა, რომ დაკარგა ადამიანი, რომელსაც ფაქტობრივად არ იცნობდა. დაკარგა ადამიანი, რომელმაც საზოგადოების მიერ დადგენილი თარგის ფონზე შეძლო ყველა მოთხოვნისთვის ეპასუხა და პარალელურად, საკუთარი ინდივიდუალობა შვილებისგანაც კი დაეფარა.

Doppler_obalka.indd

Story of my Life -ზუსტად ის ფრაზაა, რომელიც დოპლერის ცხოვრებას აღწერს. ეპიზოდს, როცა მასში ღირებულებათა გადაფასება მოხდა. თქვენ, ვინც ამ წიგნს წაიკითხავთ, აუცილებლად იპოვით რაიმე საერთოს მთავარ გმირთან. გადამწყვეტ მომენტში ყველა ჩვენგანი ვერ უძლებს საზოგადოების ზეწოლას – დააკმაყოფილოს მისი ესა თუ ის მოთხოვნები. ზოგიერთი ჩვენგანი საკუთარ გზას პოულობს ინდივიდუალობის შესანარჩუნებლად. ზოგიც, დოპლერის მსგავსად, ტყეში გარბის, ან უბრალოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას იწყებს. გადადის სხვა სამყაროში საკუთარი თავის, საკუთარი მეს შესანარჩუნებლად. ბევრი ჩვენგანი კი, მთელ ცხოვრებას ისეთი ადამიანების გვერდით ატარებს, რომლებსაც ბოლომდე არ იცნობს. ცხოვრობს წესებით, რომლებიც არავისთვისაა, იცავს  წესებს, დადგენილს არარსებული წესრიგის შესანარჩუნებლად და სიცოცხლეს ვიღაცეების კმაყოფილებისათვის ფლანგავს.

ამ ნაწარმოების განსაკუთრებულობა მის მიგნებაშიცაა – საზოგადოებიდან გაქცეულ ადამიანს არ ძალუძს მუდმივად მარტოობაში ყოფნა. მიჩვეულს – არ შეუძლია ბოლომდე უარი თქვას ურთიერთობებზე. ამიტომ დოპლერი უჩვეულო მეგობარს პოულობს – მის მიერ მოკლული ლოსის შვილს, პატარა ირემს, რომელსაც შეიფარებს და თავისთან, კარავში აცხოვრებს. წიგნი მარტოობაზეა, ადამიანების ერთმანეთის მიმართ გაუცხოებაზე, იმგვარ მდგომარეობაზე, როდესაც გვერდში მყოფი პატარა ირემი ერთადერთი არსებაა, ვისაც შეუძლია შენი შეუპასუხებლად მოსმენა.

ერნელდ ლუს სხვა ნაწარმოებების მსგავსად, დოპლერიც მწერლის განსაკუთრებული მიდგომით მოგხილავთ. წერის მანერით, რომელიც ყველა გულამდე პოულობს გზას.  წიგნი ერთი ძლიერი ბიძგივითაა, რომლის სიუჟეტი დიდხანს გაჰყვება თქვენს მშვიდ სუნთქვას.

ნისლი ჩვენს გარშემო

ძნელად თუ ხდება ხოლმე, რომ ამბავი რომელსაც ვისმენ, ან ისტორია, რომლესაც ჩემი თვალით ვუმზერ, ისე აღმაფრთოვანებს, რომ გამუდმებით მინდება მასზე საუბარი, ემოციების გაზიარება. იმიტომ კი არა, რომ არაფერი მაკვირვებს, არა! უბრალოდ, ჩემდა სამწუხაროდ, ერთდროულად იმდენ რამეზე მიწევს ფიქრი, რომ ხანდახან წვრილმანი სიხარულები მეც კი გამომრჩება ხოლმე თვალთახედვიდან. თითქოს ნისლი განგებ გეხვევა გარს და ხელს გიშლის წინ ყურებაში. გარდა ამისა, ვფიქრობ თუ ამბავი, ან ისტორია საჭირო დროს, საჭირო დოზით არ არის მოწოდებული, ადამიანთა უმეტესობა სამყაროსგან გამოგზავნილ ამ მინიშნებებს უყურადღებოდ ტოვებს და ვერ ამჩნევს. ალბათ ყველას გვექნება ამის გამოცდილება. ამ საკითხში ახალბედა არც მე ვარ. ხშირად გვიან მახსენდება ის ფრაზა, ის ჟესტი, რომელიც თავის დროზე რომ შემემჩნია – სხვა არჩევანს გავაკეთებდი, სხვა მიმართულებით გავუყვებოდი გზას.

14358983_795256770616380_5290186884607119258_n

შემოდგომა ყოველთვის ემოციურია ჩემთვის. იმის მიუხედავად, რომ სრულიად ვგიჟდები ჭრელა-ჭრულა შარფებზე, თბილ ჟაკეტებზე, ფერად-ფერად ქუდებსა და სეირნობისას ფეხების ქვეშ მოშრაშუნე ფოთლებზე, ამ პერიოდს ყოველთვის ცვლილებები მოაქვს და ხანდახან მძიმე ემოციური მუხტის მატარებელიცაა. ერთის მხრივ ნორმალურიცაა- სეზონის ცვლილებას, თანაც მდორე, ნელ ტემპში გადასვლას, ერთგვარი დეპრესიულ-სტრესული ფონი ყოველთვის თან ახლავს. დაჭიმულია ნერვები. მზის ნაკლებობა სულ უფრო მეტად აღსაქმელი ხდება. სევდიანი გამომეტყველება თავისი სიხშირით ანაცვლებს მხიარულ სახეებს, თუმცა ამ სეზონის ფერადობები სწორედ გულის დასამშვიდებლადაა მოგონილი.

მდგომარეობიდან და განწყობიდან გამომდინარე სულ ცოტა ხნის წინ ჩემს დას ველაპარაკებოდი მიმდინარე პრობლემებზე, სადაც მან ისეთი რამ მითხრა, ისეთ რამეზე მიმითითა, რაზეც მე წარმოდგენა არ მქონდა. თითქოს გამომეპარა და ერთი პეშვი წყალივით თითებს შორის ღარებიდან შეუმჩნევლად გამიძვრა. სანამ ამ ამბავს მოგიყვებოდეთ, იქამდე ცოტას ჩემს დაზე მოგიყვებით. წარმოიდგინეთ უმცროსი და , რომელიც სულ წელიწადით და ცოტა მეტითაა თქვენზე პატარა და დაბადებისთანავე ისე გიხარიათ მისი არსებობა, რომ ყველაფერი კარგი და გემრიელი სულ მისთვის გინდათ და გემეტებათ. მათ შორის ერთი ქილა ბრონხოლიტინიც, რომელიც ჩემი ბავშვობის საყვარელი მიქსტურა იყო. დასამშვიდებლად გეტყვით, რომ მაშინ მაგრად გადავრჩით! 🙂 ახლა წარმოიდგინეთ საბავშვო ბაღი, სადაც თქვენს დასთან ერთად ხართ ერთ ჯგუფში, და უცებ, რამდენიმე დღეში აღმოაჩენენ, რომ თქვენს შორის ასაკობრივი სხვაობა არ ჯდება ბაღის ნორმებში და დაგაშორებენ. ჩემდა სამარცხვინოდ მინდა გითხრათ, რომ შემდეგი ორი კვირა მტირალმა გავატარე ფანჯარასთან, საიდანაც სლუკუნ-სლუკუნით ვუყურებდი, თუ როგორ მხიარულად თამაშობდა ჩემი და ბაღის ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად. ტირილმა შედეგი გამოიღო და ორ კვირაში ისევ ჩემს დასთან დამაბრუნეს, რის მერეც სკოლამდე არავის, აღარასოდეს, აღარ დავუშორებივართ. ეს ამბები იმიტომ მოგიყევით, რომ უკეთ ამეხსნა, თუ როგორი რთულია ტყუპისცალივით დისგან საკუთარ თავზე მსგავსი შინაარსის ტექსტის მოსმენა. მან ცხოვრებაში პირველად მითხრა, რომ სკოლის პერიოდში, თავისი სიმორცხვის გამო, ხშირად სცხვენოდა  ჩემს გვერდით ქუჩაში სიარულის, რადგან მე მთელი ბავშვობის მანძილზე არ ვერიდებოდი ქუჩაში ცეკვა-ცეკვითა და ხმამაღლა სიმღერით სიარულს. მუდამ მხიარული, სიცოცხლით სავსე, ყველგან და ყველასთან სიხარულს ვასხივებდი, ახლა კი – ჩვეულებრივ, მოსაწყენ “დიდად” იქეციო მითხრა და მერე ამიხსნა, რომ სულელური პერფექციონისტობის გამო თანდაყოლილი სიხალისე სადღაც გამეფანტა. ის რაღაც ლაღი- სადღაც გავხარჯე და ჩემში ხანდახან თუღა ბჟუტავს ხოლმე ის ძველი სხივი, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ბუნებაში დავხეტიალობ.

 14495505_10210400722804651_3923315110132872889_n

ამ საუბარმა ბოლო დროს ნანახი ფრანგულ-გერმანული ფილმი გამახსენა. “დედოფლით თამაში”(Queen to Play) – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებით გათანგულ ქალზე მოგვითხრობს. ქალზე, რომელსაც უკვე დიდი შვილი ჰყავს და თავს გამოუსადეგარად გრძნობს შვილისა და ქმრისათვის. ერთფეროვანი მისი ცხოვრება მდორე წყალივით ნელა და ზლაზვნით მიედინება და ისიც მასშია ჩაკარგული მანამ, სანამ ცხოვრების გატაცებას – ჭადრაკს არ აღმოაჩენს. და ამ გატაცებით ატაცებული ეს ქალი ნელ-ნელა ივსება ემოციებით, სიცოცხლის სიხარულით. აღარ მიუყვება ქუჩებს თავჩაქინდრული, უღიმღამო ღიმილით, არამედ ეძებს ფერებს, ეძებს ხალისს და დღე და ღამე მუშაობს თავის თავზე თამაშისათვის საჭირო უნარების გასაუმჯობესებლად. იმდენად ლამაზი ფილმია, იმდენად დადებითი მუხტის მატარებელი, რომ მისი ყურების დასრულებისთანავე დავიწყე იმ საქმიანობების გახსენება, რაც მაბედნიერებს, მაგრამ დიდი ხანია მათთვის ხელი არ მიხლია.

joueuse2

ჩემს დასთან საუბარმა  ეს ფილმი კიდევ ერთხელ გამახსენა  და საკუთარი თავი დავაკავშირე ელენთან, მთავარ პერსონაჟთან. და იმ წუთასვე ვიგრძენი არსებული მდგომარეობის შეუთავსებლობა ჩემს შინაგან მესთან. უბრალოდ ვიგრძენი, რომ ჩემს გარშემო არსებულ ბურუსშიც კი შევნიშნე ნიშანი ცვლილებების აუცილებლობისა. ცხოვრების ის კონკრეტული წერტილი დავიჭირე, როდესაც ადამიანმა სწრაფად უნდა სცადოს თავის გამონთავისუფლება არსებული გარემოსგან და წინსვლაზე ორიენტირდეს, იმედი ჩაისახოს, ხელი არ ჩაიქნიოს, საკუთარი თავისა და ძალების ირწმუნოს! მეტი გააკეთოს, მეტი გაიღიმოს, მეტი სითბო გასცეს და კიდევ უფრო ძლიერად უყვარდეს. სიახლეები ეძებოს, ახალი მიზნები დაისახოს და მისკენ ისწრაფვოს, მიიღოს თავისი თავი და ცხოვრება როგორიც არის და მთელი გულით შეიყვაროს. დავიჭირე ეს წერტილი და პირველი რაც გავაკეთე, ის იყო, რაც ძალიან მიყვარს და უკვე დიდი ხანია ხელი არ მიხლია – ამ ბლოგისთვის ახალი პოსტი დავწერე. ჩემი სია გრძელია. ჯერ მხოლოდ დასაწყისია. თქვენც, ჩემსავით, დადებითი ენერგიის მოზღვავებას გისურვებთ.

ბოლოს, კი – მადლობა დაი :* ❤

ყველა გააოცე ჩემპიონო!

საწერად მოვემზადე თუ არა, გვერდზე თხლად დაჭრილი და შაქარმოყრილი ლიმონი მოვიდგი. ვიფიქრე, ამით მელოდის ვასიამოვნებდი. მაშინვე სასიამოვნო სურნელი დაატრიალა. ხარბად შევისუნთქე მისი პიკანტური არომატი და იმ პერიოდის გახსენება ვცადე, როცა მეხუთე კლასში ვიყავი.

13177192_10201508199583257_5247974856192301161_nმეხუთე კლასი არავისთვისაა ადვილი. მათ შორის არც ჩემთვის ყოფილა. რაღაცნაირი, გარდამავალი ეტაპია. არ იცი რა ჩაიცვა, იმისათვის, რომ სხვების დასაცინი არ გახდე. რა თქვა, რომ ვინმემ უცნაურად არ ჩაგთვალოს. როგორ გამოხატო ემოცია, ან საერთოდ გამოხატო თუ არა ის. როგორ მოაწონო სკოლის ყველაზე სიმპატიურ ბიჭს თავი. ჯერ ისევ ბავშვობა გექაჩება. ანცობა გინდა და გული გარეთ გაგირბის. ელჭექის დროს, ღამით, შეიძლება ჩუმჩუმად ძველ სათამაშოსაც იწვენდე ლოგინში, მაგრამ არა სხვების დასანახად! სხვების დასანახად არასოდეს! სხვებისთვის შენ უკვე ზდასრული და სერიოზული ხარ, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობს ცხოვრებისეული ნაბიჯების გადადგმას. ოღონდ არა მელოდი! მელოდის დამოუკიდებლად არც ჩაცმა, არც ლაპარაკი და არც სათამაშოს ლოგინში ჩაწვენა არ შეუძლია.

მელოდი შერონ მ. დრეიპერის წიგნის, „გონების მიღმა“-ს, მთავარი პერსონაჟია, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს. ის უკვე თერთმეტი წლისაა, მაგრამ ჯერ ცხოვრებაში ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მისი პატარა, ხუჭუჭთმიანი თავი უამრავი სიტყვის, აზრისა და ფიქრის  მატარებელია, რომლის გამოთქმაც მისთვის თავისუფლებასთან ასოცირდება. ეს მეხუთე კლასელი, გორგოლაჭებიან სკამს მიჯაჭვული ბავშვი საოცარი გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება აჯობოს ადამიანმა საკუთარ თავს, გაუმკლავდეს სიძნელეებს, იყოს ძლიერი და იბრძოლოს ბედნიერებისათვის.

დაფიქრებულხართ, იმაზე, თუ რას ნიშნავს ზოგისთვის სახტუნაოთი ხტუნაობა, ბურთის თამაში, ან მშობლისთვის სახელის დაძახება? გიფიქრიათ იმაზე, თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვას? გამოხატვას? ბევრი მართლაც ვერ ხვდება საუბრის მნიშვნელობას, ლაპარაკის უნარის ქონის ბედნიერებას. ვერც იმას იაზრებს, რომ ფიზიკური უნარების შეზღუდულობა ავტომატურად არ გულისხმობს გონებრივ შეზღუდულობასაც. ეს საოცარი წიგნი აღწერს სამყაროს მეტყველების უნარის არ მქონე ბავშვის გადმოსახედიდან. ბავშვის, რომელიც გაგაოცებთ თავისი ბრძოლისუნარიანობით, ინტერესებით, ემოციურობით, ამასთან გარეგნული გაწონასწორებულობით მის მიმართ საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ბულინგის დროს მისი ფიზიკური მონაცემების გამო.

წიგნი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რომ არა მხოლოდ მეხუთე კლასელი ბავშვებისათვის, არამედ ძალიან ბევრი ზრდასრული ადამიანისთვისაც, ცერებრალური დამბლისა და სხვა დაავადებების მქონე ადამიანები გარიყულთა კასტად მიიჩნევა. არადა ისინი საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორებიც ჩვენ ყველანი ვართ.  სიჩუმის უკანაც შეიძლება დაინახო და იპოვნო პიროვნება, ფიქრი, აზრი, ემოცია. ეს ადამიანები შეიძლება ყოველთვის ჩვენსავით არ იქცევიან, მაგრამ მათ ესმით, ისინი ხედავენ და გრძნობენ ჩვენს დამოკიდებულებას.  ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე მის ავადმყოფობის ისტორიაში ჩაწერილი დიაგნოზი და რაც უფრო დიდხანს გვეყოლება ეს გარიყული ადამიანები “უხილავ” არსებათა რიცხვში, მით დიდხანს დაგვაკლდება ჩვენ, მათი ახლოს გაცნობის ბედნიერება, მით მეტხანს მოგვიწევს მათეული სამყაროს აღქმის გარეშე ცხოვრება.

მელოდი ერთგვარი სიმბოლოა იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა შეძლოს შეუძლებელი, გაარღვიოს შესაძლებლობათა ზღვარი. ეს წიგნი სიცოცხლეს ხელახლა შეგაყვარებთ. გიბიძგებთ შეამჩნიოთ და ისიამოვნოთ პატარ-პატარა დეტალებით. აგიმაღლებთ თავდაჯერებულობას და მოტივაციას და გაფიქრებინებთ, რომ თუ საკუთარი თავის გწამთ, თუ ამ ქვეყნად ვინმეს თქვენი სჯერა, მაშინ მიუღწეველი არაფერია. მელოდი იმედის სიმბოლოა შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის და მათი ახლობლებისთვისაც. ის ხიდია “უხილავ” და “ხილულ” საზოგადოებას შორის. არადა, ბევრს კი არაფერს ითხოვენ?! – ცოტა მეტი ელაპარაკეთ! ცოტა მეტი მოუსმინეთ! რა იცით რას გეტყვიან, რას შექმნიან?!

შენ, კი მელოდი, “ყველა გააოცე ჩემპიონო, კარგი? იცოდე, რასტი გიყურებს!”

 

თქვენთვის წერილია

როგორც ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ფილმში მთავარი გმირი თავის სიყვარულის ობიექტს ეუბნება-“It would be a shame to miss New York in the spring”. მას შემდეგ ყველა გაზაფხულს, რომელსაც თბილი შარფით და ქაღალდის ცხვირსახოცებით მომარაგებული ვატარებ (ეს კი ყოველწლიურად, გამონაკლისების გარეშე,  ტრადიციასავით მეორდება), სულ ეს კადრი მიდგას თვალწინ. ამ დროს ცხვირგაწითლებული, მაგრამ მაინც მხიარული სახით, დავაბიჯებ ჩემი ქალაქის მიყრუებულ ქუჩებში და ხშირად საკუთარი თავისთვის ნაყიდ ყვავილებით ხელში ვუსმენ და ხმამაღლა ვღიღინებ Harry Nilsson-ის “I Guess the Lord must be in New York City”-ს (1969). ვისაც ამ მელოდიის მოსმენის ბედნიერება ჯერ არ გქონიათ, აი ისიც:

რამდენიმე თვეა უმიზნოდ ვუტრიალებ ახალი ბლოგპოსტის გვერდს. ხშირად შემოვდივარ, დავხედავ ხოლმე მიტოვებული ბავშვივით. გული მიჩუყდება ძველ ნაწერებზე და იმაზე, ჯერ კიდევ რომ ჰყავს ამ გვერდს მკითხველი მიუხედავად მასზე სიახლეების ბოლოდროინდელი ნაკლებობისა. “A woman must have money and a room of her own if she is to write fiction.”-  ეს სიტყვები ვირჯნია ვულფს ეკუთვნის და მის ნათქვამს თუ გავითვალისწინებთ, მაშინ სრულიად გასაგები ხდება, თუ რატომ ვერ ვწერ ამდენი ხანია. ძველებურად ვაწკაპუნებ თითებს კლავიშებზე,  ვინიშნავ საინტერესო ფრაზებს სპეციალურ ბლოკნოტში, თითქოს ვიწყებ კიდეც, მაგრამ მერე ერთიანად ვშლი და გულგატეხილი ვხურავ გვერდს.

ერთი რამ, რასაც ბოლო დროს ხშირად ვაკეთებ, ეს წერილების წერაა. არ ვიცი მიხსენებია თუ არა, მაგრამ ორი ძალიან საყვარელი მეგობარი მყავს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ. მათთვის ვწერ წერილებს და ჩვეულებრივი ფოსტით ვგზავნი. ბოლო დროს, კი მათთვის მიწერილი წერილები დღიურის რეჟიმში გადავიდა. ვწერ და ვინახავ ჩემი შიშებითა და დარდებით სავსე წერილებს ბლოკნოტში და თითქოს მათი გამოჩენა მრცხვენოდეს, საგულდაგულოდ ვმალავ. ვინიშნავ იმედგაცრუებებს, იმედებს, პატარ-პატარა შიშებს და თუ ზედმეტად ბევრი დაგროვდება ერთად, ისე რომ ფურცელი ვეღარ იტევს, მაშინ უბრალოდ სახლის ლაგებას ვიწყებ. ეს მეთოდი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ყოველთვის ამართლებს ჩემს მოლოდინებს.

წერილი? წერილს იმ ადგილის აღწერით ვიწყებ ხოლმე, სადაც მისი წერის მომენტში ვზივარ. ზოგად თემებს ვიხსნებ, რომ მაშინვე შინაგანი ჯურღმულების გასაღები არ გადავატრიალო და ჯერ კარში კარგად მოვსინჯო გაღებამდე. ისეც ხდება ხოლმე, რომ ბოლომდე გახსნა მინდა, მაგრამ არ გამოდის. ვერიდები მაინც- წასულია ადამიანი, მოშორებულია ყოველდღიურ საგიჟეთს, სხვა ცხოვრება აქვს და სხვა, თავისებური, ევროპული დარდები აწუხებს. გინდა აქედან გული გაუმაგრო, იმედი მისცე, შიში გაუქრო, შენ კი- თავზე ახვევ საკუთარ შიშებს და სულს უფორიაქებ. ხოდა არ გამოდის ხოლმე ხანდახან ბოლომდე. მინდა, მაგრამ გული არ მიშვებს. 🙂

ერთი წერილი ჩემს შეყავრებულსაც მივწერე. მერე რა, რომ სულ გვერდში მყავს და ყოველდღე ვხედავ. ზოგჯერ ისე მებინდება ხოლმე გონება, სიტყვებით ვერაფერს ვამბობ და მხოლოდ სულელივით ვიღიმი. მივწერე ის წვრილმანი რაღაცეები, რისთვისაც მიყვარს და ისინიც, თუ როგორ ვგრძნობ თავს მასთან. ვუთხარი, რომ როცა თვალებში ვუყურებ, ვგრძნობ მისი თვალებიდან წამოსულ თბილ ტალღას და მეც, ამ ტალღაზე, მაშველი რგოლით ნელა ვირწევი. ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ მიუხედავად იმისა, მასთან ერთად ხშირად მაქვს გაშლილ ზღვაში ყოფნის განცდა, მე კი – ცურვა არ ვიცი, მასთან თავს მაინც დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობ. ვუთხარი, თუ როგორ მიყვარს მის გულზე ცხვირის მიდება და წელზე ორივე ხელის მაგრად შემოხვევა. ისიც, თუ რა სასიამოვნოა, როცა უმიზეზოდ მკოცნის შუბლზე, თმებზე, საფეთქლებზე. ისიც, თუ ყველა ჯერზე როგორ მაბედნიერებს მისი აჩქარებული გულის ფეთქვის მოსმენა თავის მის გულზე მიდებისას. უბრალოდ მინდოდა სცოდნოდა, თუ რას ვგრძნობ, თუმცა ხშირად სიტყვით ვერ ვეუბნები.

ეს წერილი ამ ბლოგზე კი ყველა თქვენგანისთვისაა, ვისაც დიდი ხანია არავისთვის გითქვამთ სიტყვა “მიყვარხარ”, “მომენატრე”, “მაპატიე”, “მომეფერე”, “მეშინია”, “გამათბე”, “ჩამეხუტე” და ა.შ. ყველასთვის, ვისაც გერიდებათ, ან გავიწყდებათ საყვარელი ადამიანებისათვის თქვენი გრძნობების, ემოციების გამხელა. ვინც ამბობთ, რომ გრძნობების გამოხატვა სისუსტეა, თუმცა ერთი სული გაქვთ ვინმე როდის იგრძნობს თქვენს შიმშილს სითბოს მიმართ. უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ – გამოხატვა მოსმენაზე არანაკლებ სასიამოვნოა. გამოხატვა მოსმენაზე სასიამოვნოც კია. ერთხელ გულით, ბოლომდე დაიცალეთ და მერე ამას აღარასოდეს აღარ შეწყვეტთ.

თქვენი ამბები მოიწერეთ. მე როცა შევძლებ, კიდევ მოგწერთ.

თავს გაუფრთხილდით!

სიყვარულით,

ეველინა

 

ჩუმი ბედნიერება

ჩემი დაბადების დღე დიდად არ მიყვარს. რაღაც სევდიანი დღეა ხოლმე ჩემთვის. მთელი დღე გაღიმებული ვიღებ მილოცვებს, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ვიხსენებ წინა წლის დადებით და უარყოფით მომენტებს და საღამოს, სტუმრების მოსვლისთვის განწყობას ვიქმნი. ამ დღეს ვიცინი ბევრს და ხმაურიანად, თუმცა არა ყოველთვის გულით. რაც არ უნდა მოხდეს ვერავინ უნდა შენიშნოს ჩემი სევდიანი განწყობა.

ბოლო წლებია არავის ვეპატიჟები. ისედაც ისინი მოდიან, ვინც ყველაზე ახლობლები არიან და ვისაც დაპატიჟება ისედაც არ სჭირდება. ტრადიციულად ვაცხობ უკრემო ნამცხვარს (ძირითადად შოკოლადის კექსს)  და დიდ ქვაბში ვხარშავ გლინტვეინს. მოსვლას ჩემები საღამოს 8-ის შემდეგ იწყებენ. მოდიან ხმაურით, ხორხოცით და გზადაგზა მოფიქრებული ახალთახალი ხუმრობებით ჩემზე. მოსვლისთანავე იწყება გართობა, გვიან ღამემდე სამაგიდო თამაშები და წლების განმავლობაში დაგროვილი სასიამოვნო ამბების გახსენება.

წელს განსაკუთრებული ახლო წრე უჩვეულოდ გაიზარდა. რამდენიმე მეგობარი დაოჯახდა, ნაწილმა კი – თავიანთი შეყვარებულებიც შემომატა ჩვენს სამეგობროს. სასიამოვნოდ ნაბარტყი შემადგენლობით დაბადების დღეც უჩვეულოდ მხიარული იყო, რომელიც დილიდან უცნაურად კარგი განწყობით დაიწყო. სადაც წავედი ყველგან გზა დამითმეს, რიგი ჩემს წინ მოულოდნელად გათავისუფლდა და ყველაფერი დროულად მოვასწარი სტუმრების დასახვედრად.

საღამოს, როცა პირველ სტუმრად ჩემი მეგობარი და მისი შეყვარებული გოგო მოვიდნენ, გივიკომ (ასე ჰქვია ჩემს მეგობარს, რომელთანაც აგერ უკვე რვა წელია ვმეგობრობ) პარკით საჩუქარი გადმომცა. შეფუთვაში ორი წიგნი იყო – ერთ ჩემგან და ერთი ქეთისგანო – ხმამაღლა დააზუსტა. მე მაშინვე შევუმოწმე წიგნებს წარწერები ხომ არ ჰქონდა და როცა ისინი ვერ ვიპოვე ორივეს კალამი დავაჭერინე და ვთხოვე მიძღვნა გაეკეთებინათ. პარალელურად მეც ვაკეთებდი გივიკოსთვის ნაყიდ “ნუ მოკლავ ჯაფარას”-ზე წარწერას. მათი წარწერების წაკითხვა მხოლოდ მომდევნო დღეს შევძელი. ქეთის წარწერა პირველად რომ ვნახე, მაშინვე ხელმეორედ გადავიკითხე. სულ ორი წინადადება ეწერა: ” ჩემო ახლად შეძენილო მეგობარო ევა, გისურვებ სიმშვიდეს და მარადიულ სიყვარულს. სიყვარულით ქეთი”. საინტერესო ისაა, რომ იმ წუთში სიყვარულისაგან მოგვრილი ნეტარი სიმშვიდის განცდა მქონდა და ეს პირდაპირ ნათქვამი სიტყვები ისე მესიამოვნა, რომ ვიგრძენი – ვიღაცამ ჩემი განწყობა დაინახა და გაახმოვანა.

დიდი ხანია ჩემს ბლოგზე არაფერი დამიწერია. არადა იმდენი ხანი ვემზადებოდი ამ თემაზე დასაწერად. თითქოს სულ ამის მოლოდინში ვიყავი. და როცა ეს მომენტი დადგა, ნაცვლად აღელვებისა და გაურკვეველი აღმაფრენისა, მე უჩვეულო სიმშვიდე ვიგრძენი და მომეშვა. ბოლო დროს ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი ნელ-ნელა ხდებოდა და  შიში სინამდვილისა სულ უფრო და უფრო მეტად მიპყრობდა. შიში იმისა, რომ უცებ შევიღვიძებდი და ყველაფერი რაც მეგონა სინამდვილეში ხდებოდა, სინამდვილეში სიზმარი აღმოჩნდებოდა.

ერთხელ, როცა ჯერ კიდევ არ მქონდა საკუთრი ბლოგი, ერთ-ერთი ბლოგერის გვერდზე წავიკითხე, რომ რადგან სურვილი შეყვარებოდა ვინმე მთელი გულით –  აუხდა, მისთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო და იმ წუთში სიკვდილისთვისაც კი მზად იყო. მე? მე პირიქით ვარ – ახლა მინდა სიცოცხლე, ახლა მინდა ღამღამობით ჩახუტებულს სეირნობა, ახლა მინდა კოცნა და სხვა რომანტიკული სისულელეები, რომლებიც სინამდვილეში სულაც არაა სისულელე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ამ ამბავზე ბევრის ლაპარაკიც არ მინდა. უბრალოდ მინდა იყოს ჩემი, ჩვენი, რომ მასზე ხმამაღლა ლაპარაკით არ გაცვდეს შეგრძნებები და არ გაუფასურდეს. დიდხანს გამყვეს ნეტარი სიმშვიდის შეგრძნება და მქონდეს ჩუმი, მხოლოდ ორისთვის გასაგები ბედნიერების შეგრძნება.

არ ვიცი რამდენად გამომივიდა ამის თქმა, მაგრამ მინდოდა მეთქვა რომ პირველად ცხოვრებაში გაზაფხულივით ვატარებ ზამთარს და ეს საშინლად სასიამოვნოა.

ფრანით მორბენალი

მახსოვს იმ საღამოს თანამშრომელს მოვყავდი სახლში მანქანით. ბოლოს კარგი რა წაიკითხეო – მკითხა და მეც მისთვის და მისი შვილისთვის ცალკ-ცალკე ჩამოვთვალე ბოლო დროს წაკითხული კარგი წიგნები. თვითონ მხოლოდ ერთი სათაური დამისახელა- “ფრანით მორბენალი”, მოგვიანებით კი მათხოვა კიდეც. ისეთი სახით მირჩია, თითქოს მნიშვნელოვან საიდუმლოს მიმხელდა და შენახვას მთხოვდა.

კითხვა იმ ღამითვე დავიწყე, თუმცა რატომღაც არ აეწყო და მხოლოდ შვებულების პირველ დღეს ჩავუჯექი. დავიწყე დილით, ლოგინშივე და შუადღისას, როცა დამთავრებული წიგნი გვერდზე გადავდე, საშინლად შემაწუხა უმოქმედობამ. ლოგინში წამომჯდარი აქეთ-იქით ვიყურებოდი და ვფიქრობდი სად გავქცეოდი ფიქრებს, რომლებიც სიმშვიდის შეგრძნებას მიკარგავდნენ. იმ დღეს გვიანობამდე დავდიოდი ფეხით ქუჩაში და აზრებს ვალაგებდი. ვფიქრობდი გმირებზე, წამოჭრილ პრობლემებზე, კლასობრივ განსხვავებებზე, მეგობრობაზე,  უპირობო სიყვარულსა და სამყაროს სისასტიკეზე. ვფიქრობდი და ყელში ბურთგაჩხერილმა აღარ ვიცოდი სად წამეღო ფიქრები უსამართლობაზე და უსასოობაზე. იმაზე, რომ რაც არ უნდა აკეთო, რამდენად პაციფისტურადაც არ უნდა იყო განწყობილი, ადამიანების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს და ზოგჯერ სურვილის  მიუხედავად თავს ზევით ძალა არ არის.

kite_runner_sticker-rb5e29987d7d6490a94500233163bc1a5_v9wth_8byvr_512

წიგნში რამდენიმე მნიშვნელოვანი თემაა განხილული. იდეა, რომ ყოველთვის შეგიძლია ადამიანს სიკეთის გზას დაადგე და დაშვებული შეცდომები გამოასწორო – ალბათ უმთავრესია. ეს იდეა ამოძრავებს გმირებს და უბიძგებს მათ არაორდინალური ქმედებებისკენ. ახლა რომ ვუკვირდები, რაც უფრო ემოციურად ძლიერი წიგნი შემხვდება გზაზე, მასზე ლაპარაკი და საჭირო სიტყვების პოვნა სულ უფრო მეტად მიჭირს ხოლმე. ასეა ამ შემთხვევაშიც. თუმცა მასზე იმდენს მაინც მოგიყვებით, რომ წაკითხვის სურვილი გაგიჩნდეთ.

ჩემთვის პირადად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ამ წიგნში მამა-შვილის ურთიერთობაა. და ამ ურთიერთობაში კულტურული რიდი უფროსსა და უმცროსს შორის.  დაუღალავი მცდელობა მშობლის სიყვარულისა და ყურადღების მოსაპოვებლად. შვილის ფარული ტანჯვა და მამის სიყვარულის დამსახურებისათვის ბრძოლა. გახსნილი ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის მაშინ დგება, როცა ისინი გამომშვიდობების ზღვარზე არიან. არადა კულტურული ფაქტორებით დადებულ თავისთავად ზღვარს ბოლომდე მხოლოდ სინანული და პატიება შლის.

წამყვანი თემაა სოციალურ კლასებს შორის არსებული ზღვარი და მეგობარ-მსახურის უპირობო სიყვარული პატრონისადმი. დაუფარავი პატივისცემის გამოხატვა და სულელობამდე უსასრულო ნდობა მეგობრისადმი. შიში და სევდა მამის სიყვარულის მსახურთან გაყოფის და თანხმლები სინანული შემზარავი სისასტიკის ხილვის შემდეგ მისი დამალვის.

არასოდეს გქონიათ გრძნობა, რომ თუ თვალებს მაგრად დახუჭავთ ის რაც ნახეთ, ის რაც განიცადეთ, გაქრება და დროის მერე გაყუჩდება? არასოდეს გიოცნებიათ რომ არ გამხდარიყავით რაიმეს შემსწრე? გიცდიათ მწარე გამოცდილების დავიწყებისათვის მიცემა? თუმცა ნამდვილი სისასტიკე და სიმწარის განცდა გულიდან, ყურებიდან და თვალებიდან არასოდეს ამოდის იქამდე, სანამ სხვას და პირველ რიგში კი- საკუთარ თავს, თქვენს საქციელს არ აპატიებთ. არ მიუტევებთ და შინაგან სიმშვიდეს არ მოიპოვებთ. საკუთარი გამოცდილების ქონა ამ საკითხში კიდევ უფრო ამძაფრებს წიგნს ძირეულად აღქმას და გმირის შეგრძნებების ბოლომდე გათავისებას. ეს წიგნი სინანულზეა, სიმშვიდის ძიებაზე, პატიების პოვნაზე. ის ადამიანურ ბრძოლაზეა შინაგანი ჰარმონიის მოსაპოვებლად. სამყაროს სისასტიკესა და ცოდვების გამოსყიდვის გზებზე.

kiterunner_0021

და როგორი აქტუალურიც არ უნდა იყოს ყველა არსებული პრობლემა დღეს სამყაროში, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს თქვენთვის მაღალფარდოვანი სიტყვებით გამოხატული მწუხარება და შეშფოთება არსებული პოლიტიკის, ეკონომიკური მდგომარეობის, გარდაცვლილი ადამიანების, ანტიტერორისტული და ანტიკორუფციული აქტივობებისადმი, ფრანით მორბენალი კიდევ ერთხელ დაგანახებთ, რომ ბავშვი ყველგან ბავშვია, სიყვარული ყველგან სიყვარულია, ერთგულება- ყველა რელიგიისა და ნაციის წარმომადგენელისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, მეგობრობა  და ადამიანურად გვერდში დგომა ყველასთვის საჭიროა, მნიშვნელობა არა აქვს თქვენ ქართველი ხართ, სომეხი, ფრანგი, ავღანელი, თუ სირიელი. გახსოვდეთ, რომ “ცხოვრება მატარებელია, ამოდით, თქვენი ადგილი დაიკავეთ”.

Playing Love

რამდენიმე დღის წინ ერთმა მეგობარმა მკითხა – ბლოგზე რატომ აღარ წერო?! დიდის ამბით შევიცხადე- რას ამბობ, თვეში ერთხელ ვწერ, საჭირო დადებით განწყობას ველოდები-მეთქი. მაშინ იმან მკითხა ისეთი რამ,  რამაც რაღაც მხრივ ჩემი ბლოგზე წერის პირადი პასუხი მაპოვნინა. მკითხა – რა აუცილებელია პოზიტიურ თემებზე წეროო, მე კიდევ- მაშინ მე კი არა, რობოტი ვიქნები მეთქი – ვუპასუხე. და ასეცაა. ვწერ იმისთვის, რომ პოზიტივი გავაზიარო, იმისთვის რომ წერისგან მეც დადებითი ემოციებით დავიმუხტო და გამოვხატო ის, რის შესახებაც ხანდახან ყვირილი მინდა, მაგრამ თავს ვიკავებ.

ყოველ ჯერზე, როცა აქ, ჩემს ბლოგზე საწერად კლავიატურას ვუჯდები, ვფიქრობ რა დავწერო პოზიტიური, ან იმდენად გულწრფელი, რომ თქვენთვის ნამდვილი და გულთან ახლოს მისატანი იყოს. ამასწინათ ლია ლიქოკელის სტატუსი ამომიგდო ფეისბუქმა. წავიკითხე და თითქოს ჩემს თავზე ვკითხულობდი. მარტოობაზე წერდა, მარტო ყოფნის განცდებზე და იმ შეგრძნებაზე, შემოდგომის დადგომისას რომ გიძლიერდება ადამიანს. ერთიანად რომ გეცლება პოზიტივი და სიხალისე და მიუხედავად დიდი მცდელობისა – ჭრელაჭრულა შარფებში და არაადეკვატურად მუდმივ ღიმილში დამალო შენი თავი, შენი მარტოობა შენთვის ყველაზე მეტად ხდება თვალშისაცემი და  გგონია სხვებიც სიბრალულით შემოგყურებენ. და მოდის ეს სევდით სავსე მზერა ჩამვლელებისაგან, შენს გვერდზე მსუნთქავი არსებებისაგან, გიძლიერდება ქუჩაში მარტოდ-მარტო სიარულის მოთხოვნილება. გიმძაფრდება ყნოსვისა და ხელით შეგრძნების უნარები, გინდა უსაშველოდ დიდ გზას გადიოდე ფეხით და შუბლზე ცივი ნიავი გაავებით გეხლებოდეს. ისე ძლიერად გცემდეს თვალებთან ცივი ქარი, რომ აქეთ-იქით გიფანტავდეს თვალებიდან გადმოსულ, საკუთარი თავის შეცოდებით მიღწეულ ორ წვეთს. თუმცა, ხშირად იმდენი ხანი იკავებ ადამიანი  სხვების თანდასწრებით ტირილისგან თავს, რომ მარტო დარჩენილსაც კი აღარ შეგიძლია საკუთარ თავთან ტირილი.

Playing Love, La leggenda del pianista sull'oceano

მერე დგება შეძახილების ეტაპი – როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები და ცდილობ დაბადო შენში ძლიერი ქალი, ისეთი, რომელსაც არავინ სჭირდება, რომელსაც მარტოსაც შეუძლია ყველაფერს გაუმკლავდეს!. ქალი, რომელიც მყარად იდგება მიწაზე, იქნება კედელი და იმედი საკუთარი თავისა და სხვებისათვის. და ეს ქალი იწყებს საკუთარი თავის დაჯერებას, რომ მარტო უკეთესია, მარტო ბევრად კომფორტულია. საკუთარ თავს ხშირად უმეორებს, რომ ვინმეს გვერდზე ყოფნა ზედმეტი პრობლემებია და ის “სხვა” მხოლოდ გაართულებს ყველაფერს. თუმცა, ასეთი ძლიერი ქალებიც ხანდახან ტირიან ღამღამობით და დილაობით სხვების აბეზარ კითხვებს დასიებულ თვალებზე გულუბრყვილო ტექსტით პასუხობენ, რომ ბოლო დროს კარგად არ სძინავთ. ხშირად ფიქრობენ რომ საკმარისად კარგები, ლამაზები, ჭკვიანები არ არიან. აკრიტიკებენ საკუთარ თავს. გამადიდებელი შუშით უყურებენ საკუთარ ნათქვამ ყოველ სიტყვას, უკვირდებიან ყველა მზერას, ყველა ქმედებას და დამატებით ქვეტექსტს უძებნიან საკუთარ და იმ “სხვის” ყოველ ხელის ჩაკიდებას. და ელიან, ელიან ზარს, მესიჯს, მაინც ელიან, იქამდე სანამ საბოლოო საბურველში არ მოექცევიან და გარშემო იმხელა კედელს არ აიშენებენ,  რომ მის შიგნით უკვე საკუთარ თავსაც კი ხშირად კარგავენ.

და ეს ცვალებადი ციკლი მუდმივად და დაუსრულებლად გრძელდება და არ მთავრდება. ასეთ ძლიერ ქალებს სხვებზე უფრო ხშირად და თავგანწირულად უყვარდებათ, ასეთები უფრო ხშირად რჩებიან მარტოები და ეულები. ასეთების ყველაზე უფრო ხშირად არ ესმით და ტოვებენ. მერე ისინი იწყებენ საკუთარი თავის გარშემო კედლის შენებას და თავის მოძლიერებას, იქამდე, სანამ ვიღაცის გულიანი მზერა, ხელის ჩაკიდება, ან სიცილი ხუხულასავით არ დაანგრევს ამ ღობეს. და როცა შემოდგომის სუსხიან საღამოებში ასეთები მარტო ვრჩებით, ჩვენ ისევ  ძლიერ ქალებს ვაშენებთ ჩვენში.  ისევ ვხდებით ცივები და მიუკარებლები. და ვიწყებთ ლოდინს იმ ხელისჩაკიდებისას, რომელიც ჩვენს გარშემო ღობეს დაანგრევს.

შეიძლება ზედმეტად გულწრფელი გამომივიდა ეს პოსტი, მაგრამ ასე უფრო კარგია, ასე უფრო ჩემებურია. თქვენ, კი ვინც ამას კითხულობთ, იცოდეთ, რომ  ყველაფერი იმისათვის ხდება, რომ უკეთესობისაკენ შეიცვალოს. არაფერი ინანოთ და თავით გადაეშვით ყველა შესაძლო თავგადასავალში. “ის” როცა საჭიროა, მაშინ მოვა. მანამდე კი, მადლობელი იყავით, რომ  სიყვარულის განცდა შეგიძლიათ!